English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ მაგდა მაღრაძე
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის როლი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის

განათლება ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და განვითარების საწინდარია. მაღალი ხარისხის განათლება უზრუნველყოფს ადამიანკაპიტალის ფორმირებას და მის ეფექტიან ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში. დიდია უნივერსიტეტების როლი საზოგადოების და ეკონომიკის განვითარებაში,  რასაც არაერთი სტატია და კვლევა მოწმობს. უნივერსიტეტების როლი სცილდება მხოლოდ აკადემიურს და მათ საქმიანობას აქვს დადებითი ან უარყოფითი გავლენა ქვეყნის ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებაზე (Agasisti, Barra, Zotti, 2019).

არაკვალიფიციური სამუშაო ძალა და დამსაქმებლების მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრების ნაკლებობა, დღეს საქართველოში ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად სახელდება. საქართველოს მთავრობის ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა განათლებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს.

სტატიაში განხილულია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის შედეგები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში საუნივერსიტეტო პარტნიორობების მაგალითზე, ყურადღება გამახვილებულია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ პარტნიორობაზე და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე, რაც დღეს, ქვეყანაში განათლების სექტორში, ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა. ეს ორი ინიციატივა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საუკეთესო მაგალითად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ორივე პროექტი ხელს უწყობს ადამიანკაპიტალის განვითარებას ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის მიზნით.

 

საკვანძო სიტყვები: განთლების ინტერნაციონალიზაცია, საუნივერსიტეტო პარტნიორობა, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

 

 

ადამიანი-კაპიტალის განვითარება, როგორც

ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი

 

უნივერსიტეტები ხელ უწყობენ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის კვლევით, ადამიანკაპიტალის შექმნით, ტექნოლოგიების განვითარებით და ტრანსფერით, და სხვადასხვა საჭირო რესურსების შექმნით (Goldstein, Renault 2004).  ქვეყნის როლი დღევანდელ მსოფლიოში ხშირად განისაზღვრება მისი ადამიანკაპიტალის ხარისხით (Zinchenko, 2020).   

 „... ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ძალები უმაღლეს განათლებას 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ჩართულობისკენ უბიძგებენ. ისტორიაში პირველად, გლობალური კაპიტალი, მსოფლიო მასშტაბით, დამოკიდებული ხდება ცოდნის ინდუსტრიაზე, მათ შორის უმაღლეს განათლებასა და კადრების მომზადებაზე. აღნიშნული მოვლენა განაპირობებს „ცოდნის საზოგადოების“ ფორმირებას, მომსახურების სექტორის ზრდას, საზოგადოების დამოკიდებულებას ცოდნის პროდუქტებსა და უმაღლესი განათლების მქონე პერსონალზე, რაც ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს“  - ასე ახასიათებენ მეცნიერები ალტბახი და კნაიტლი (2007) უმაღლესი განათლების როლს ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებაში (Knight, J. & Altbach, P. (2007),  290).

          „ცოდნის ეკონომიკა“ - ტერმინი, რომელიც პიტერ დრუკერმა გახადა პოპულარული 1969 წელს გამოცემულ წიგნში „უწყვეტობის ერა“, წარმოადგენს ეკონომიკურ სისტემას, სადაც საქონლის და მომსახურების წარმოება დამოკიდებულია ცოდნაზე დაფუძნებულ (knowledge-intensive) აქტივობებზე, რაც ხელს უწყობს ტექნიკურ და სამეცნიერო ინოვაციების განვითარებას (Powell, Walter, Snellman, Kaisa 2004).

მაღალი უნარ - ჩვევების მქონე სამუშაო ძალა, ცოდნის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია მიკროეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ გარემოში.  ცოდნის ეკონომიკაში ინსტიტუციები და ინდუსტრიები ქმნიან სამუშაო ადგილებს, რაც საჭიროებს სპეციალიზებული უნარების და განათლების მქონე მუშახელს, რაც გლობალური ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. ცოდნა განიხილება, როგორც რესურსი შრომის ბაზრისა და კაპიტალისთვის (ევროკომისიის კონფერენცია, 2005).

          ცოდნის ეკონომიკაში იქმნება სამუშაო ადგილები, რაც დასაქმებულისგან მოითხოვს პრობლემის გადაჭრის, ბრწყინვალე და ტექნიკურ უნარებს,                             მულტიდისციპლინურ გარემოში მუშაობისთვის საჭირო მოქნილობას, ადაპტაციის უნარს და ამავე დროს დარგისთვის შესაბამის კვალიფიკაციასა და საფუძვლიან ცოდნას. საქართველოში განათლების სისტემა  ჯერ ვერ პასუხობს ცოდნის ეკონომიკისთვის საჭირო მოთხოვნებს და კურსდამთავრებულთა უმეტესობას არ აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები იმისთვის, რომ გლობალურ დასაქმების ბაზარზე კონკურენტული იყოს.

საქართველოს მთავრობის ახალი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა განათლებას პრიორიტეტულ მნიშვნელობას ანიჭებს.

განათლებასა და მეცნიერებას, საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების 2017-2021 წლების ერთიან სტრატეგიაში. მაღალი ხარისხის განათლება ხელს უწყობს კეთილდღეობის ამაღლებას და პიროვნული, სოციალური და პროფესიული განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

განათლებისა და მეცნიერების პრიორიტეტულობაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ სტრატეგიაში მოცემული ამოცანების განხორციელების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 650 მლნ ლარიდან 1.1 მლრდ–მდე გაიზარდა და 2017 წელს მშპ-ის 3.1%-ს მიაღწია (განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021).

2020 წელს დაფიქსირებული ეკონომიკის კლების შემდეგ, საქართველოში  მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები ფიქსირდება და ეკონომიკური აქტივობის დონე აჭარბებს 2019 წლის მაჩვენებელსაც – 9.5%. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2021 წელს– 12.0% 2021 წლის იანვარ-აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 12.0% შეადგინა(იხ. ცხრილი 1)

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები  2013-2021 წლებში (%)

 

ცხრილი 1

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის ანგარიში

 

 

 

 

 

განათლების სექტორში ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, კვლავ მრავალი სირთულე არსებობს ქვეყანაში განათლების ხარისხთან და თანასწორ ხელმისაწვდომობასთან მიმართებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მცირე მოცულობა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი კავშირშია განათლების ხარისხსა და შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან.

2021 წლის იანვარ-ივნისში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 366.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (იხ. ცხრილი 2)

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ცხრილი 2

 

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის ანგარიში

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში  მაღალია უმუშევრობის დონე, რაც,   2020 წლის მონაცემების მიხედვით,  18.5%-ს შეადგენს (იხ. ცხრილი 3).

 

 

 

 

უმუშევრობის დონე და დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი საქართველოში 2010-2020 წლებში

ცხრილი 3

 

წყარო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2021 წლის ანგარიში

 

ინვესტიციების შემოდინების კლების და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, შეიძლება დავასახელოთ საქართველოში შრომის ბაზარზე არსებული გამოწვევები, კერძოდ, კვალიფიციური სამუშაო ძალისადმი მოთხოვნის და მიწოდებას შორის არსებული სხვაობა.

2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის მიხედვით, „გამოწვევებს შორისაა განათლების კავშირი შრომის ბაზართან, სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება განათლების ყველა საფეხურზე, ასევე, მეცნიერებისა და კვლევების ხელშეწყობა. სამართლებრივ რეგულირებას და სისტემის გარკვეულ ცვლილებას საჭიროებს განათლების უწყვეტობის უზრუნველყოფა და საგანმანათლებლო ხვრელების აღმოფხვრა“ (2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია).

სტრატეგიაში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს განათლების სისტემა, წარმატების მისაღწევად, საჭიროებს ძალისხმევის გაგრძელებას საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის, კვლევების და ცოდნის გაღრმავების გაძლიერებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კადრების, ასევე, სტუდენტების საერთაშორისო მობილურობისათვის, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები და შექმნას უმაღლესი ხარისხის განათლების პროგრამები, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე, შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“ (საქართველოს მთავრობა, 2017).

საქართველოში არ ტარდება შრომის ბაზრის რეგულარული და ფართომასშტაბიანი კვლევა და რთულია განისაზღვროს, თუ რომელ პროფესიაზეა ძირითადი მოთხოვნა, თუმცა შესრულებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რაც იძლევა შესაძლებლობას დავინახოთ ზოგადად თუ რა მდგომარეობაა საქართველოს შრომის ბაზარზე.

„საქსტატი“ აწარმოებს სამუშაო ძალის სტატისტიკას, შინამეურნეობის ინტეგრირებული გამოკითხვის საფუძველზე, საიდანაც შესაძლებელია მონაცემების მოპოვება შრომის ბაზრის მიმართულებით. ასევე, არასამთავრობო, ანალიტიკური და დონორი ორგანიზაციები აფინანსებენ და ახორციელებენ შრომის ბაზრის კვლევებს.  ბოლო ათწლეულში ასევე ჩატარდა რამდენიმე კვლევა, რომელიც აფასებდა თუ რა გავლენას ახდენს, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა, დასაქმების მაჩვენებელსა და ინვესტიციების შემოდინებაზე.

ინვესტიციების შემოდინებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში არსებული ადამიანკაპიტალი, ანუ მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალა, რაც ეხმარება ინვესტორებს თავიანთი ბიზნესის განვითარებაში.

გამოკითხული ინვესტორების უმეტესობა ასახელებს  კვალიფიციური  კადრების სიმწირეს, როგორც ერთ-ერთ გამოწვევას საქართველოში ინვესტიციების ჩადებისა და ახალი ბიზნესის განვითარებისთვის (წყარო: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს კვლევა შრომის ბაზრის მოთხოვნა STEM სპეციალობებზე, 2014). იმავე მიზეზს ასახელებენ საქართველოში უკვე არსებული კომპანიები და გამოკითხული სამრეწველო პალატები. ე.ი. კვლევების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია არასათანადო ან დაბალი კვალიფიკაციის მქონე სამუშაო ძალა, რაც გამოწვეულია უმაღლესი განათლების მიღების არასაკმარისი დონით, მაღალი უმუშევრობის  ფონზე,  რაც შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობით აიხსნება.(წყარო: საქართველოს მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის მოსამზადებელი ჯგუფის მიერ 2011 წელს განხორციელებული „შეზღუდვების ანალიზი“ MCC Georgia Compact II Constraints Analysis).  პრობლემის გადაწყვეტა, საქართველოში, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებითაა შესაძლებელი, რისი ერთ-ერთი საშუალება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციაა უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის დამყარებით და/ან საქართველოში მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების საერთაშორისო ფილიალი-კამპუსების გახსნით.

 

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია

 

საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო გზა შესაძლოა იყოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, ანუ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, საერთაშორისო სტანდარტის და მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების ქვეყანაში შემოტანა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობის გზით ან მათი ფილიალი-კამპუსების გახსნით. 

2017-2021 წლების განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის მიხედვით: „საქართველოს განათლების სისტემა, წარმატების მისაღწევად, საჭიროებს, ძალისხმევის გაგრძელებას საგანმანათლებლო სისტემის ინტერნაციონალიზაციისთვის, კვლევების და ცოდნის გაღრმავების გაძლიერებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კადრების, ასევე, სტუდენტების საერთაშორისო მობილურობისათვის, რათა დააკმაყოფილოს საერთაშორისო სტანდარტები და შექმნას უმაღლესი ხარისხის განათლების პროგრამები ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.“

დღეს საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ორი საუკეთესო მაგალითია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამი ქართული სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობა, ასევე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნა.

2011-2013 წლებში ჩატარებული კვლევები მოწმობს, რომ ინვესტიციების შემოდინების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი, სწორედ, რომ საქართველოში არსებული შეუსაბამობაა შრომის ბაზრის/დამსაქმებლების მოთხოვნასა და, უმაღლესი და პროფესიული განათლების პროვაიდერების მიერ, მიწოდებას შორის, ანუ, ბიზნესი ვერ პოულობს შესაბამის კვალიფიკაციურ კადრებს, უწევს დიდი ხარჯის გაწევა სპეციალისტების მომზადებასა და საკუთარი ტრენინგ ცენტრების გახსნა-ფუნქციონირებაში. შედეგად, ინვესტორისთვის აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ხელშემშლელ ფაქტორს, საქართველოში ბიზნესის შემოტანისა და განვითარებისთვის. სწორედ ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, 2013-2019 წლებში, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საერთაშორისო ხელშეკრულება „კომპაქტი“. რის ფარგლებშიც საქართველომ აშშ-ის მთავრობისგან 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტი მიიღო ადამიანკაპიტალის განვითარებისა და რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტის განსახორციელებლად ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში. შედეგად, გაუმჯობესდა სასწავლო ინფრასტრუქტურა – 40,000-მდე მოსწავლისთვის საქართველოს რეგიონებში 91-ზე მეტი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციით, პროფესიული განვითარების ტრენინგები გაიარა 20,000 მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნის მასწავლებელმა, 2000-მდე საჯარო სკოლის დირექტორმა; მომზადდა და დაფინანსდა 51 ახალი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლების პროგრამა და საქართველოში შემოვიდა აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 2014 წლიდან აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს STEM (საბუნებისმეტყველო-საინჟინრო) დარგებში. 

 

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო

 

აშშ-ის უნივერსიტეტის საერთაშორისო ფილიალ-კამპუსის ფინანსური მოდელების ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ საქართველოში საერთაშორისო ფილიალ-კამპუსის გასახსნელად საჭირო დაფინანსება აჭარბებდა იმ სარგებელს, რამდენის მოტანაც აღნიშნულ პროექტს შეეძლო. შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აშშ-დან საქართველოში შემოსულიყო უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტებთან პარტნიორობით განახორციელებდა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებს და ეტაპობრივად აღნიშნული პროგრამების განხორციელებას გადასცემდა საქართველოს პარტნიორ უნივერსიტეტებს.

2013 წელს, საქართველოს მთავრობის სახელით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა,  ტექნიკური შეფასების დამოუკიდებელი კომისიის შეფასებით, პარტნიორ უნივერსიტეტად აშშ–ის  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი შეარჩია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (სდსუ) დახმარებით, 2014 წლიდან, დაინერგა პარტნიორობის უნიკალური მოდელი, რის ფარგლებშიც სდსუ სტუდენტებს აშშ-ში აკრედიტებულ ბაკალავრიატის პროგრამებს სთავაზობს, კურსდამთავრებულები იღებენ ამერიკულ დიპლომს. პარალელურად, სდსუ პარტნიორ ქართულ უნივერსიტეტებს შესაძლებლობათა განვითარებაში ეხმარება, რათა პარტნიორ უნივერსიტეტებს STEM-ის დარგებში იმავე ხარისხის აკადემიური პროგრამები განეხორციელებინათ, საერთაშორისო სტანდარტებისთვის მიეღწიათ და საერთაშორისი აკრედიტაცია მოეპოვებინათ.

პარტნიორობის ეს პროექტი უკვე წარმატებით ხორციელდება. სდსუ-საქართველოს პარტნიორობა ტრანსფორმაციულ ზემოქმედებას მოახდენს საქართველოს უმაღლეს განათლებაზე, საქართველოში უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციისა და STEM-ის დარგებში კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარების გზით.

საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდელმა, რაც გულისხმობს საქართველოს სამ წამყვან უნივერსიტეტთან თანამშრომლობას, მაღალი შეფასება მიიღო როგორც აშშ-ის უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს პარტნიორების მხრიდან. ამ მოდელის უნიკალურობა იმაშია, რომ სდსუ-ს არ გაუხსნია თავისი ფილიალი-კამპუსი საქართველოში, არამედ გახსნა თავისი წარმომადგენლობა და ახორციელებს STEM-ის დარგებში საბაკალავრო პროგრამებს, აქცენტს აკეთებს  ადგილობრივი პარტნიორი უნივერსიტეტების შესაძლებლობათა გაძლიერებაზე, ცოდნისა და პროგრამების გადაცემაზე და უზრუნველყოფაზე, რათ ამ პროგრამებმა აღნიშნულ პარტნიორ უნივერსიტეტებში საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღოს. აქედან გამომდინარე, სდსუ-საქართველოს პარტნიორობის შექმნით, ნაპოვნია მაღალხარისხიანი ამერიკული უმაღლესი განათლების ექსპორტირების ახალი მოდელი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU)

 

საჯარო-კერძო პარტნიორობის და ინტერნაციონალიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) დაფუძნება, რომელმაც სტუდენტების პირველი ნაკადი 2020 წელს მიიღო. უნივერსიტეტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ გაღებული  1 მლრდ ევროს ოდენობის შემოწირულობის მეშვეობით შეიქმნა და ფუნქციონირებს (https://www.kiu.edu.ge/index.php?m=185).

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახორციელებს ინოვაციურ, ინტერდისციპლინურ სასწავლო პროგრამებს ინგლისურად  და წარმოადგენს, დღეს, სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საუნივერსიტეტო კამპუსს. უნივერსიტეტის მოდელი და პროგრამები შექმნილია მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი - მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) მოდელზე, TUM-თან თანამშრომლობით. KIU-ში აკადემიური პერსონალის ნახევარი არის გერმანელი, წამყვანი პროფესორ-მასწავლებელი ან პრაქტიკოსი ლექტორი. KIU-ს საპატიო რექტორია TUM-ის ყოფილი რექტორი, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერი და უმაღლესი განათლების ცნობილი მენეჯერი და მეცნიერი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი. KIU-სა და TUM-ის პარტნიორობა წარმოადგენს უმაღლეს განათლებაში თანამშრომლობის შესანიშნავ მოდელს, რაც ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიზანია, კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, ჩამოყალიბდეს საუნივერსიტეტო ინოვაციურ ჰაბად. ამ მიზნის მისაღწევად, უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც TUM-თან თანამშრომლობით შემუშავდა, შემდეგ პრიორიტეტებს მოიცავს:

უნივერსიტეტი და კამპუსის განვითარება –  კამპუსი – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი აქტივია. შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მომავალშიც განაგრძობს  განვითარებას მიმზიდველ, თანამედროვე და მწვანე კამპუსად.  

სწავლა და განათლებაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატება განპირობებულია სწავლისა და სწავლების უმაღლესი ხარისხით, რაც KIU-ს უმაღლესი დონის ევროპული უნივერსიტეტების გვერდით აყენებს.

სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარება – სამეწარმეო ხაზით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს საგანმანათლებლო მისიის ბიზნესწრეებთან დაკავშირებას. უნივერსიტეტსა და  ბიზნესწრეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, ზედამხედველობას უწევს ინდუსტრიის საკითხებზე საკონსულტაციო საბჭო (IAC), რისშემადგენლობაში შედიან საერთაშორისო და ქართული კომპანიების წარმატებული წარმომადგენლები, რომლებსაც KIU-ს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან მიმართებაში მკაფიო დაინტერესება გააჩნიათ.

უნივერსიტეტსა და ინდუსტრიას შორის არსებული მჭიდრო კავშირი, ბიზნესსა და საგანმანათლებლო წრეებს შორის, ტექნოლოგიების გადაცემას ითვალისწინებს:  ბიზნესწრეები KIU-ს ინფორმაციას აწვდიან, ახლანდელ და მომავალში, მოთხოვნადი უნარ-ჩვევების შესახებ. უნივერსიტეტი კი ამ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს სასწავლო კურსებში ან სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ითვალისწინებს. სტუდენტები იძენენ მოთხოვნად უნარ-ჩვევებს, რისი მეშვეობითაც ისინი საქმდებიან, შრომის ბაზარზე, თავიანთი კვალიფიკაციის შესაბამის სამსახურებში. როგორც სამეწარმეო უნივერსიტეტი, KIU ახორციელებს სტუდენტთა სტაჟირებას, დასაქმებასა და სტარტაპებს – იდეის დონიდან დაწყებული შრომით ბაზარზე შესვლით დამთავრებული.  შესაბამისად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს უწყობს ქვეყანასა და რეგიონში მეწარმეობის  განვითარებას.

ინტერნაციონალიზაციაროგორც დასახელება მიგვანიშნებს,  KIU საერთაშორისო უნივერსიტეტია:

  • KIU სასწავლო პროგრამებს ახორციელებს ინგლისურ ენაზე.
  • KIU-ის სასწავლო პროგრამები ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებთან თანხვედრაშია.
  • KIU-ში მოღვაწეობენ უცხოელი  პროფესორ-მასწავლებლები.
  • KIU მოიპოვებს საერთაშორისო აკრედიტაციას თავისი სასწავლო პროგრამებისთვის, ასევე შეიმუშავებს დუალურ ან ორმაგი დიპლომის საგანმანათლებლო პროგრამებს.
  • KIU იღებს  სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
  • KIU სტუდენტებს სთავაზობს მონაწილეობას საერთაშორისო ონლაინ კურსებში, რომლებიც ტარდება პარტნიორ საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად.  
  • KIU საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ახორციელებს სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.
  • KIU-ის  კამპუსი მზადაა უცხოელი პროფესორების, მოწვეული ლექტორებისა და მოწვეული მკვლევარების მისაღებად.
  • KIU მართავს საერთაშორისო კონფერენციებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და სხვა დაინტერესებული მხარესთვის.

სამეცნიერო-კვლევითი და აკადემიური  პარტნიორობები: – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ჩამოყალიბდება საერთაშორისოდ აღიარებულ და კონკურენტულ ჰაბად, სადაც ჩატარდება თანამედროვე სამეცნიერო კვლევები. უნივერსიტეტის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მულტიდისციპლინურ კვლევით პროექტებზე, რისთვისაც  იდეალური პირობებია კამპუსში.

KIU ხელს შეუწყობს სამეცნიერო საქმიანობას -  კვლევების ჩატარებას და ნაშრომების გამოქვეყნებას - რაც უზრუნველყოფს რეგიონში მეცნიერების განვითარებას.  კონკრეტულად, ეს მხარდაჭერა მოიცავს ინფორმაციისა და მონაცემთა მართვის სერვისებს, როგორიცაა: სამეცნიერო-კვლევითი მონაცემების მართვა-დაარქივება, სამეცნიერო კვლევების დოკუმენტირება (ლაბორატორიის დოკუმენტაცია, ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემა) და საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა მედია სერვერზე გამოქვეყნებული მასალების ასლების შექმნის გზით. KIU გახდება საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ნაწილი და ამ გზით მოიზიდავს დაფინანსებას სამეცნიერო-კვლევით სფეროში. 

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეინარჩუნებს მჭიდრო და მტკიცე თანამშრომლობას მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სხვა პარტნიორებთან საერთაშორისო დონეზე. ის დაამყარებს კონტაქტებს წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან სამეცნიერო ნაშრომების შექმნის, გავრცელებისა და გამოქვეყნების მიზნით და ჩაერთვება სხვადასხვა პარტნიორებთან აკადემიურ თანამშრომლობაში.

2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის ადრონული თერაპიის ცენტრს (HTC). სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეს ცენტრი იქნება ერთადერთი ობიექტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ორი ციკლოტრონით, აქედან ერთი გამოიყენება სამეცნიერო კვლევისთვის, ხოლო მეორე - ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, პროტონულ თერაპიაზე დაფუძნებული უახლესი მეთოდებით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პარტნიორობას გაუწევს საერთაშორისო და ქართველ მეცნიერებს, რათა  ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კვლევები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: სამედიცინო და ექსპერიმენტული ფიზიკა,  სამედიცინო და რადიაციული ბიოფიზიკა, ქიმია და სხვა. KIU ყოველთვის დაუჭერს მხარს სამეცნიერო წრეებს შორის კომუნიკაციასა და თანამშრომლობას.

ადამიანკაპიტალის განვითარება ახლად შექმნილი დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წინაპირობაა, ის შეიძლება მიღწეულ იქნას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების უზრუნველყოფის გზით შრომის ბაზარზე არსებულ და მოთხოვნად სფეროებში. საქართველოში ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტული დარგებიდან გამომდინარე ეს სფეროებია -- STEM (საბუნებისმეტყველო-საინჟინრო და ტექნიკური) დარგები, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი.

საერთაშორისოდ აკრედიტებული და ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება უზრუნველყოფს ისეთი სამუშაო ძალის ფორმირებას, რაც ხელს უწყობს ადამიანკაპიტალის შექმნას. ამ უკანასკნელის მიღწევის უმოკლეს და ყველაზე ეფექტიან გზას წარმოადგენს, უკვე აღიარებული, დასავლური უნივერსიტეტის ფილიალ-კამპუსების ან პროგრამების დანერგვა განვითარებად ქვეყანაში, სადაც უმაღლესი განათლების ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა მრავალი, სხვადასხვა სახის, ღონისძიება აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლების  საქართველოში მოსაზიდად, საერთაშორისო უნივერსიტეტების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ფილიალ-კამპუსების გახსნის მიზნით. თუმცა, ცხადი გახდა, რომ აშშ-ისა და ევროპის უნივერსიტეტები ნაკლებად, ან საერთოდ არ არიან დაინტერესებულნი ფილიალი-კამპუსების გახსნით ისეთ განვითარებად ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო, სადაც უმაღლესი განათლების ბაზარი ჯერ კიდევ განუვითარებელია და სტუდენტთა რაოდენობა მცირეა - ყოველწლიურად 38,000-მდე სტუდენტით, რომლებიც გადანაწილებულები არიან საქართველოში მოქმედ 60-ზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში. დამატებით გამოწვევას წარმოადგენს, საქართველოს სტუდენტების გადახდისუნარიანობა, რაც კიდევ უფრო არამიმზიდველს ხდის საქართველოს უცხოური უნივერსიტეტებისთვის.

უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია, როგორც უნივერსიტეტების განვითარების საუკეთესო გზა, საქართველოსთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება, რადგან უნივერსიტეტების გავლენა ქვეყნის განვითარებაზე არ შემოიფარგლება მხოლოდ აკადემიური საქმიანობით და განათლების მინიჭებით, არამედ მას აქვს პოზიტიური ან ნეტაგიური გავლენა (განათლებისა და სერვისების ხარისხის მიხედვით), ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაზე. უნივერსიტეტი მნიშნველოვან გავლენას ახდენს ადამიანკაპიტალის განვითარებაზე, რაც  ეკონომიკური ზრდის სტიმულირების შედეგია.

უნივერსიტეტები, ისევე როგორც ბიზნეს ორგანიზაციები, ერთი და იგივე სოციალ-ეკონომიკური გარემოს ნაწილია: ბაზრის გაჯერებულობა, ძლიერი კონკურენცია, რესურსებზე მზარდი ფასები, საუკეთესო პრაქტიკის გლობალურ დონეზე დანერგვა, გლობალური ბრენდების ზეგავლენა, დაინტერესებულ მხარეთა მზარდი მოლოდინები - ეს ის ახალი რეალობაა, რის წინაშეც დგანან უნივერსიტეტები (ამარალი და სხვები, 2003წ). აღნიშნულის ფონზე, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მოქმედებენ როგორც ბიზნეს ორგანიზაციები - საერთაშორისო ორიენტაცია კი მათი კონკურენტუნარიანობის დასაყრდენი ხდება  (Sauletekio al. 11, LT-10223,  2013წ. ვილნიუსი, ლიეტუვა.)

 

აშშ–ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები

და ქვეყნის ეკონომიკის განვითარება

ამერიკული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში გადამწყვეტია. აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების მმართველი საბჭოების ასოციაციის (Association of Governing Boards of Universities and Colleges (AGB)) მონაცემებით ამერიკაში კოლეჯები და უნივერსიტეტები ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებლები არიან. აშშ-ში კოლეჯები და უნივერსიტეტები ჯამში 3.98 მილიონ ადამიანს ასაქმებენ, რაც აშშ-ის მოსახლეობის 2.5%-ია (წყარო: AGB). პროფესიონალი კადრების მიწოდებით, აშშ–ში უნივერსიტეტები ხელს უწყობენ ქვეყნის ეკონომიკის ზრდას სტუდენტების და კურსდამთავრებულების სტარტაპებით, ინოვაციებით, სტუდენტების საკურსო პროექტებით, კვლევებით, მეცნიერების კომერციალიზაციით და მრავალი სხვა. ასევე მეწარმეობას და ახალი ბიზნესების ინკუბაციას. AGB-ის მონაცემებით ორჯერ მეტი შანსია, რომ უნივერსიტეტში სწავლის შედეგად ამერიკელმა დაიწყოს მცირე ბიზნესი ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ საშუალო სკოლა აქვთ დამთავრებული. ბოლო ორი დეკადის განმავლობაში აშშ-ში უსდ-ებმა ხელი შეუწყვეს 11,000 ახალი საწარმოს შექმნას სამუშაო ადგილის, ტექნოლოგიების ან კვლევების გადაცემის გზით.

აშშ–ის ოლეჯები და უნივერსიტეტები ხელს უწყობენ ცოდნის ეკონომიკას. მსოფლიო ინდუსტრიული ეკონომიკიდან ცოდნის ეკონომიკაზე გადასვლასთან ერთად, უმაღლესი განათლების მიღებამ საკვანძო როლი ითამაშა. აშშ-ში სამუშაო ადგილების 99% უმაღლესი განათლების მქონე პროფესიონალებს უკავიათ (წყარო: აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების მმართველი საბჭო - Association of Governing Boards of Universities and Colleges (AGB)).

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ახალისებენ ინოვაციებს. 1996 წლიდან 2015 წლის პერიოდში ტექნოლოგიის ტრანსფერის შედეგად 380,000 მეტი ახალი გამოგონება შეიქმნა აშშ-ში, რამაც ჯამში 591 ათასი აშშ დოლარის კონტრიბუცია შეიტანა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შექმნაში და ხელი შეუწყო 4.3 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას (წყარო: აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების მმართველი საბჭოების ასოციაციის ანგარიში).

აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლება შესაძლებელია იყოს ქვეყნის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო. მაგალითად, აშშ-ში ერთი წლის მანძილზე უცხოელი სტუდენტებისგან უსდ-ებში სწავლით შემოსული შემოსავლები დაახლოებით 36.9 მილიარდ აშშ დოლარს უდრის და 450,000 სამუშაო ადგილის შენარჩუნებას უწყობს ხელს (წყარო: აშშ-ის უნივერსიტეტების და კოლეჯების მმართველი საბჭო - Association of Governing Boards of Universities and Colleges).  

ერთ-ერთი პირველი მცდელობა უმაღლესი განათლების „გარე“ როლის განსაზღვრისა შეიძლება იყოს კლარკის ცნობილი სამკუთხედი (Clark 1986), რაც ვარაუდობს, რომ უნივერსიტეტების როლი არა მხოლოდ აკადემიური ხარისხის მინიჭებაა, არამედ ეს არის ურთიერთობა სახელმწიფოსა (სახელმწიფო, რომელიც არეგულირებს სისტემას) და ბაზარს (სტუდენტები, მათი ოჯახები, კერძო-საჯარო სექტორი) შორის. აქვე აღსანიშნავია უნივერსიტეტის ახალი მესამე მისია (Laredo, 2007) – ცოდნის ტრანსფერი (Bekkers & Freitas, 2008).

 

დასკვნა

 

საქართველოში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მხოლოდ 103 წლისაა და დღეისათვის 60-ზე მეტი უსდ ფუნქციონირებს. საქართველოში უნივერსიტეტების უმეტესობა ორიენტირებულია განათლების პროგრამების მიწოდებაზე და ნაკლებად არის მოტივირებული, დამსაქმებლებთან, კერძო სექტორთან და ინდუსტრიასთან აქტიური თანამშრომლობისათვის, იცნობდეს და ცდილობდეს დააკმაყოფილოს ქვეყანაში არსებული შრომის ბაზრის მოთხოვნები, მოახდინოს ტექნოლოგიების ტრანსფერი და კომერციალიზაცია და განავითაროს სტარტაპების ხელშემწყობი აქტივობები. მხოლოდ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი ახერხებს, იფიქროს მისი ე.წ. „მესამე მისიის“ შესრულებაზე, რადგან ამისათვის არც საკმარისი ადამიანური და არც ფინანსური რესურსი გააჩნია. აღნიშნულს ემატება, განუვითარებელი ბიზნესგარემო, რაც უკავშირდება საქარველოში ახლად შექმნილ კერძო სექტორს, რადგან მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მერე იწყება მისი არსებობის ათვლა (1991 წლიდან დღემდე).

ახლად ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და განვითარებადი ქვეყნების უმაღლესი განათლების ბაზარი, ვერ უზრუნველყოფს, დამოუკიდებლად,  მოქმედი საერთაშორისო ფილიალ-კამპუსების ფუნქციონირებას. უმაღლესი განათლების ბაზარი და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები არ იძლევა შესაძლებლობას, რომ უზრუნველყოფილ იქნას საერთაშორისო ფილიალ-კამპუსებიდან მოგების მიღება და/ან ხანგრძლივი ფინანსური სტაბილურობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესი განათლების განვითარების ყველაზე ეფექტიან და მდგრად მოდელად გვესახება საუნივერსიტეტო პარტნიორობები, რაც, ცოდნის გადაცემის გზით, ადგილობრივ შესაძლებლობათა განვითარებაზეა ორიენტირებული და ხელს უწყობს ადამიანკაპიტალის განვითარებას. ამ თვალსაზრისით, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს მოდელი და მისი პარტნიორობა ადგილობრივ უნივერსიტეტებთან და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი და მისი პარტნიორობა მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთანწარმოადგენს ორ შესანიშნავ მაგალითს, რაც ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება განვითარებად ქვეყანაში მაღალხარისხიანი საერთაშორისო განათლების შეტანა და წარმატებით განხორციელება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის გზით. ორივე ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ადამიანკაპიტალის განვითარებას. 

 

ლიტერატურა:

  • საქართველოს მთავრობა (2017), საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017-2021“ http://gov.ge/files/469_63085_411269_533.pdf  (ბოლო ნახვა 20 დეკემბერი, 2021)
  • Agasisti T., Barra C., Zotti R. - Research, Knowledge Transfer, and Innovation: The Effect of Italian Universities’ Efficiency on local Economic Development 2006−2012. J Regional Sci. 2019;59: 819–849. https://doi.org/10.1111/jors.12427
  • Clark, B. R. (1986). The Higher Education System: Academic Organization in Cross-national Perspective. Berkeley: University of California Press.
  • Rudi Bekkers and Isabel Maria Bodas Freitas, Analysing Knowledge Transfer Channels between Universities and Industry: To what Degree Do Sectors also Matter? Research Policy, 2008, vol. 37, issue 10, 1837-1853
  • ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, 2014. კვლევა შრომის ბაზრის მოთხოვნა STEM სპეციალობებზე, შესრულებულია კომპანია IPN-ის მიერ.
  • 2013 წლის საერთაშორისო ფილიალ-კამპუსში ბიზნესის, მართვისა და განათლების მიმდინარე საკითხები: ჩარჩო და სტრატეგია. ვილნიუსის გედიმინასის სახელობის ტექნიკური უნივერსიტეტი, Sauletekio al. 11, LT-10223, ვილნიუსი, ლიეტუვა.
  • Wilkins Stephen and Jeroen Huisman (2012). The International Branch Campus as Transnational Strategy in Higher Education. “Higher Education”. Vol.64, Issue 5 627–645. DOI: 10.1007/s10734-012-9516-5
  • Goldstein H., & Renault C. (2004). Contributions of Universities to Regional Economic Development: A Quasi‐experimental Approach. Regional Studies, 38, 733–46.
  • ЗИНЧЕНКО В. В. (2020). Глобальные институциональные трансформации и перспективы устойчивого развития общества в контексте интернационализации высшего образования. Perspectives of Science & Education, 44(2), 10–18. https://doi.org/10.32744/pse.2020.2.1
  • Knight J. & Altbach P. (2007). The Internationalization of Higher Education: Motivations and Realities. Journal for Studies in International Education, 11(3-4), 290-305. http://dx.doi.org/10.1177/1028315307303542
  • ·         Powell Walter W., Snellman Kaisa (2004). "The Knowledge Economy". Annual Review of Sociology. 30 (1): 199–220. doi:10.1146/annurev.soc.29.010202.100037.
  • Commission, European (2005). Conference on Knowledge Economy - Challenges for Measurement. Luxembourg: Office for Official Publications of the European Communities:           Eurostat.pp. 913. 

https://en.wikipedia.org/wiki/ISBN_(identifier) https://en.wikipedia.org/wiki/Special:BookSources/92-79-02207-5.

 

 

References:

  • sakartvelos mtavroba (2017), sakartvelos mtavrobis dadgenileba „sakartvelos ganatlebisa da metsnierebis ertiani strategia 2017-2021“ [Government of Georgia (2017), Resolution of the Government of Georgia "Unified Strategy of Education and Science of Georgia 2017-2021"] in Georgian

http://gov.ge/files/469_63085_411269_533.pdf  (last seen 20 December, 2021)

  • Agasisti T., Barra C., Zotti R. - Research, Knowledge Transfer, and Innovation: The Effect of Italian Universities’ Efficiency on local Economic Development 2006−2012. J Regional Sci. 2019;59: 819–849. https://doi.org/10.1111/jors.12427
  • Clark, B. R. (1986). The Higher Education System: Academic Organization in Cross-national Perspective. Berkeley: University of California Press.
  • Rudi Bekkers and Isabel Maria Bodas Freitas (2008). Analysing Knowledge Transfer Channels between Universities and Industry: To what Degree Do Sectors also Matter? Research Policy, 2008, vol. 37, issue 10, 1837-1853
  • atastsleulis gamotsvevis pondi - sakartvelo, 2014. kvleva shromis bazris motkhovna STEM spetsialobebze, shesrulebulia kompania IPN-is mier. [Millennium Challenge Account - Georgia, 2014. Labor Market Demand Survey on STEM specialties, conducted by IPN.] in Georgian
  • 2013 tslis saertashoriso pilial-kampusshi biznesis, martvisa da ganatlebis mimdinare sakitkhebi: charcho da strategia. vilniusis gediminasis sakhelobis teknikuri universiteti, Sauletekio al. 11, LT-10223, vilniusi, lietuva.  [Current Business, Management and Education Issues at the 2013 International Campus Branch: Framework and Strategy. Vilnius Gediminas Technical University, Sauletekio al. 11, LT-10223, Vilnius, Lithuania.] in Georgian
  • Wilkins Stephen and Jeroen Huisman (2012). The International Branch Campus as Transnational Strategy in Higher Education. “Higher Education”. Vol.64, Issue 5 627–645. DOI: 10.1007/s10734-012-9516-5
  • Goldstein H., Renault C. (2004). Contributions of Universities to Regional Economic Development: A Quasi‐experimental Approach. Regional Studies, 38, 733–46.
  • ZINCHENKO V. V. (2020). Globalnyye institutsionalnyye transformatsii i perspektivy ustoychivogo razvitiya obshchestva v kontekste internatsionalizatsii vysshego obrazovaniya.  [Global Institutional Transformations and Prospects for Sustainable Development of Society in the Context of the Internationalization of Higher Education. Perspectives of Science & Education, 44(2), 10–18. in Russian https://doi.org/10.32744/pse.2020.2.1]
  • Knight J. & Altbach P. (2007). The Internationalization of Higher Education: Motivations and Realities. Journal for Studies in International Education, 11(3-4), 290-305. http://dx.doi.org/10.1177/1028315307303542·         Powell Walter W., Snellman Kaisa (2004). "The Knowledge Economy". Annual Review of Sociology. 30 (1): 199–220. doi:10.1146/annurev.soc.29.010202.100037.
  • Commission, European (2005). Conference on Knowledge Economy - Challenges for Measurement. Luxembourg: Office for Official Publications of the European Communities:           Eurostat.pp. 913. 

https://en.wikipedia.org/wiki/ISBN_(identifier) https://en.wikipedia.org/wiki/Special:BookSources/92-79-02207-5.